მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ხელი მოაწერა ახალი საზღვაო რადიო კავშირის სისტემის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას
07 მაისი, 2018

2018 წლის 7 მაისს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა და იტალიური კომპანიის ELMAN S.R.L. აღმასრულებელმა დირექტორმა მანუელა რონდონმა ხელი მოაწერეს საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ახალი საზღვაო რადიო კავშირის სისტემის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთ–ერთი ძირითადი ფუნქციაა ძებნა–გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობ პროდუქტებით გამოწვეული დაბინძურების ლიკვიდაციის ოპერაციების კოორდინაცია სახელმწიფო დონეზე, რომელსაც ასრულებს ზღვაზე ძებნა–გადარჩენისა და გემების მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის საშუალებით.

ამ ფუნქციების სრულყოფილი შესრულება შესაძლებელია ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანაპირო და საზღვაო რადიო კომუნიკაციის საშუალების დანერგვით. სწორედ თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის მიზნით გამოცხადებული იყო საერთაშორისო ელექტრონული ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა იტალიური კომპანია ELMAN S.R.L..

ELMAN S.R.L. არის კომპანია, რომელიც 40 წელია მოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე რადიო კომუნიკაციის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და თავდაცვის სისტემების დიზაინის განვითარების და რეალიზაციის მიზნით.

აღნიშნული კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სრულფასოვან საზღვაო ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, არ გააჩნდა სრულყოფილი საზღვაო–სამაშველო კომუნიკაციის საშუალებები საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში განსაცდელში აღმოჩენილი გემების და ადამიანების დასახმარებლად.