მთავარი > სიახლეები
სიახლეები
თბილისში შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის განვითარების პროგრამის ეროვნული სემინარი ჩატარდა
11 მაისი, 2018

2018 წლის 11 მაისს, თბილისში, სასტუმრო „Radisson Blu Hotel“-ში, ევროკომისიისსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანაორგანიზებით გაიმართა  შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის განვითარების პროგრამის ეროვნული სემინარი.

აღნიშნული სემინარი პერიოდულად  გაიმართება შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში და  მიზნად ისახავს ლურჯი ეკონომიკის სტატუსთან დაკავშირებული საერთო ხედვის ჩამოყალიბებას, რათა ლურჯ ეკონომიკასთან მიმართებაში მომზადდეს რეკომენდაციები და განისაზღვროს რეგიონალური დონის ინტერესის შესაძლო სფეროები.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლილას ხაზი გაუსვა  პროგრამის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას და განაცხადა რომ, „ ლურჯი ეკონომიკისა და ლურჯი ზრდის კონცეფციის  გააზრება და შეფასება  ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ ხდებოდა სანაპირო ქვეყნების მიერ. მდგრადი მეთევზეობა, სუფთა ზღვა, სუფთა ნავსადგურები, ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი, ლურჯი ეკონომიკაზე დაფუძნებული ურთიერთდაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობა, ადგილობრივი სანაპირო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება - ეს არის ზღვის მდგრადი გამოყენების ურთიერთდაკავშირებული კომპონენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს.

შავი ზღვა ათასობით წლის მანძილზე წარმოადგენდა სანაპირო ქვეყნებისათვის არსებობისა და განვითარების მნიშვნელოვან წყაროს, ამიტომაც აუცილებელია შევინარჩუნოთ ბუნებისგან ბოძებული საჩუქარი და ხელი შევუწყოთ მის მდგრად განვითარებას.

ასევე, მონაწილეებს მივმართავ თხოვნით გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა და აქტიურად ჩაერთონ დღევანდელ განხილვებში, რათა  გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, რაც საშუალებას მოგვცემს კვლევის, ინდუსტრიისა და საზოგადოების ერთიანობით ჩამოვაყალიბოთ ინოვაციური მიდგომები.“

პროგრამა შესაძლებლობების განვითარების ორწლიანი ინიციატივაა, რომელიც შემუშავებულია ევროკომისიის მიერ შავი ზღვის აუზში საზღვაო სფეროს და ლურჯი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.