მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიში მეზღვაურებს
24 ივნისი, 2018

2018 წლის 24 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღის მთავარი სპონსორის - SOLO ლაუნჯში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა და დირექტორის პირველმა მოადგილემ ზაზა მახარაძემ ქართველ მეზღვაურებს ანგარიში წარუდგინეს.

სააგენტომ მეზღვაურებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდ 2017-2018 წლებში გატარებული რეფორმებისა და ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც მოიცავდა როგორც მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობ, ასევე, მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესის სრულყოფისათვის საკანონმდებლო აქტივობებს. ანგარიშში საუბარი იყო ასევე მეზღვაურთა განათლება სერტიფიცირებისა და საზღვაო კანონმდებლობის სრულყოფისათვის დაგეგმილ პროექტებზე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia - სთან ერთად, აქტიურად არის ჩართული გასაჭირში მყოფი ქართველი მეზღვაურების საკითხის მოგვარების პროცესში, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ კონტანტინიდი, რომელმაც ქართველი მეზღვაურების საკონსულო დაცვისა და დახმარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. 2017-2018 წლებში, სააგენტოში დაფიქსირდა გასაჭირში მყოფი 29 ქართველი მეზღვაურის განაცხადი, რომელთაგან 21 დადებითად გადაწყდა.

შეხვედრაზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტო - შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საზღვაო შრომის ბაზრის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის შემუშავება და საშუამავლო მომსახურების გზით საზღვაო კომპანიების მოთხოვნებისა და მიწოდების თავსებადობის უზრუნველყოფა მეზღვაურთა და ზოგადად საზღვაო სფეროში დასაქმების მსურველთათვის სტაბილური და გრძელვადიანი კოოპერაციული ურთიერთობის დამყარების მიზნით.