მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საქართველოს, უკრაინისა და ITF-ის ინიციატივას მეზღვაურთა უფლებების დასაცავად IMO-ს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
26 აპრილი, 2019

 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული კომიტეტის რიგით 106-ე სესიაზე საქართველომ უკრაინასთან და ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციასთან - International Transport Workers' Federation (ITF) ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას მეზღვაურების დასაცავად საზღვაო დანაშაულთან მიმართებით.

აღნიშნული დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს საზღვაო ვაჭრობისა და ტრანსპორტირებისას სხვადასხვა სახის არელაგალურ ქმედებებში მეზღვაურთა ჩართვის პრობლემებზე.

მეზღვაურის პროფესიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, ბევრ ქვეყენაში საზღვაო დანაშაულში ნებით თუ უნებლიეთ აღმოჩენილი მეზღვაურები ხშირ შემთხვევაში ხდებიან არასამართლიანი მოპყრობის მსხვერპლები და ვერ ახერხებენ თავისი უფლებების სათანადოდ დაცვას. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივი რეჟიმი  ერთმანეთისგან განსხვავდება და ხშირ შემთხვევაში მათი საპროცესო კანონმდებლობა ძალიან კომპლექსურია, რასაც ემატება ენობრივი და კულტურული ბარიერები, მეზღვაურების სამართლებრივი უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად რთულდება და საჭიროებს სათანადოდ მომზადებულ საკონსულო სამსახურებს, იურისტებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს.

ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ახალგაზრდა მეზღვაურები, რომელთაც გამოცდილების სიმცირის გამო არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა უკანონო ქმედებებში მონაწილეობის შესაძლო შედეგებისა და რისკების შესახებ. ამასთან, ისინი დიდ წილად ვერ აცნობიერებენ რომ შეიძლება უკანონო ქმედების, ან დანაშუალის უნებლიე მონაწილეები არიან. ამას ისიც ემატება, რომ ახალგაზრდა მეზღვაურებმა ხშირად არ იციან რა შესაძლო ღონისძიებების გატარება შეუძლიათ მათი უფლებების დასაცავად. საზღვაო დანაშაულში ჩართვის რისკის ქვეშ ხშირად არიან გამოცდილი მეზღვაურებიც, რომლებსაც ასაკის გამო უჭირთ დასაქმება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უმრავლეს შემთხვევაში უმცროსი ოფიცრები და რიგითი შემადგენლობა არ არის ინფორმირებული გემის კონტრაბანდაში, ან უკანონო ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავი ორგანოები აკავებენ მთელ ეკიპაჟს, ზოგ შემთხვევაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზღვაო უკანონო ქმედებებში მეზღვაურთა ჩართულობის ძირითადი პრობლემური საკითხებია: არსებული რისკების შეუფასებლობა და   ინფორმაციის ნაკლებობა საზღვაო დანაშაულისა და შესაბამისი სანქციების შესახებ.

მეზღვაურთა მიმართ არასამართლიანი მოპყრობის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზია საზღვაო ადმინისტრაციებს შორის საზღვაო დანაშაულთა პრევენციის სფეროში თანამშრომლობის ნაკლებობა. ამასთან არ არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები და სახელმძღვანელო პრინციპები მეზღვაურთა უფლებების დაცვის სფეროში. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ქმნის გამოწვევებს მეზღვაურთა უფლებების დაცვის სფეროში.

მეზღაური უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტით, რათა სათანადოდ დაიცვას თავისი უფლებები იმის მიუხედავად განზრახ იყო ჩართული დანაშაულში, თუ მისი ნების საწინააღმდეგოდ: მათ უნდა გაეწიოთ და მიიღონ სამართლებრივი დახმარება, თარჯიმნის მომსახურება და სამედიცინო მომსახურება, უნდა შეეძლოთ დაკავშირება ოჯახებთან და შესაბამისი ქვეყნის საკონსულოსთან სამართლებირვი პროცესის თითოეულ საფეხურზე, მკაცრად უნდა იყოს აკრძალული მეზღვაურების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის გამოყენება, მათ შორის მტკიცებულების მოპოვების მიზნით.

 

კომიტეტზე წარდგენილი დოკუმენტი ითვალისწინებდა ერთობლივი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივას, რომელიც გააერთიანებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, საერთშორისო შრომის ორგანიზაციას და ITF-ს (IMO/ILO/ITF).

ამ ინიციატივის საფუძველზე არასამართლიანი მოპყრობისაგან მეზღვაურთა დაცვის მიზნით შეიქმნა საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობაც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

      -  რეკომენდაციების შემუშავება უკანონო ქმედებებში ჩართული გემის იდენტიფიცირების თაობაზე;

      -  უკანონო ქმედებებში მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩართვისაგან მეზღვაურთა დაცვის მექანიზმების შემუშავება;

      -  მეზღვაურთა რისკ-ჯგუფებში კონტრაბანდასა და უკანონო გადაზიდვებში მონაწილეობის შედეგების შესახებ ცნობადობის ამაღლება;

      -  მეზღვაურის, როგორც მოპასუხის, მოსარჩელის ან მოწმის უფლებების შეჯამება და მიმოხილვა;

      -  სისხლის სამართლის პროცესის დროს სამართლიანი მოპყრობის პრინციპების შემუშავება და დანერგვა;

      -  მეზღვაურებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველოფა იმ სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და იურისტების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიონ მეზღვაურებს დაკავების, ან მათ მიმართ სისხლის სამართლებივი დევნის დაწყების შემთხვევაში;

      -  იმ ქვეყნების კანონმდებლობისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სადაც ყველაზე ხშირად ხდება მეზღვაურთა დაკავება.

 

სამუშაო ჯგუფი მოამზადებს წინადადებას საზღვაო დანაშაულში ეჭვმიტანილი მეზღვაურების მიმართ სამართლიანი მოპრყობის შესახებ IMO მოდელ კურსის შესახებ და შეიმუშავებს რეკომენდაციებს:

   ·  საზღვაო დანაშაულში ეჭვმიტანილი მეზღვაურების შესახებ ადმინისტრაციებს შორის სწრაფი ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის შესახებ;

   ·  სახელმძღვანელო პრინიციპები - მეზღვაურთა დაკავებისა და სისხლის სამართლის პროცესის წარმოების დროს მათ მიმართ სამართლიანი მოპყრობის შესახებ;

   ·  ზღვაზე მიგრანტების უკანონო გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გაცვლისათვის GISIS-ის უწყებათაშორისი პლატფორმის ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.