მთავარი > სიახლეები
სიახლეები
დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა
25 მაისი, 2020

საქართველოს და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქართველ მეზღვაურებს უფლება მიეცათ, დასაქმდნენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად, უსაფრთხო და ძლიერ ფლოტში, სადაც სრულიად დაცულია მეზღვაურის შრომითი უფლებები.

 „სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას.

ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის: საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი.

ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები.

ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზე მყოფი სავაჭრო ფლოტია (Deadweight tonnage basis), რომლის ქვეშ 1300-ზე მეტი გემი დაცურავს. 2018 წლის ბოლოს დროშის საერთო ტევადობა (Gross Tonnage) 16 მილიონი იყო.