მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საქართველო მსოფლიოს 13 წამყვან საზღვაო სახელმწიფოსთან ერთად მოუწოდებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრ ქვეყნებს გამოაცხადონ მეზღვაური „საკვანძო პროფესიად“
20 ივლისი, 2020

საქართველომ საზღვაო ინდუსტრიის წამყვანი ქვეყნებისა და პორტების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის მთავრობისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ პირველ საერთაშორისო საზღვაო ვირტუალურ სამიტში, რომელიც პანდემიის პირობებში მსოფლიო მასშტაბით მეზღვაურთა როტაციის პრობლემებს მიეძღვნა.

სამიტი გახსნა ბრიტანეთის საზღვაო მინისტრმა კელი თოლჰარსთმა (Kelly Tolhurst), რომელმაც მიმოიხილა გლობალური მასშტაბით მეზღვაურთა როტაციის სირთულეები, რამაც პანდემიის გამო ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასი სახე მიიღო.

მონაწილეებს მიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმაც.

14-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დეკლარაციას, რომელშიც IMO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ გამოაცხადონ მეზღვაური „საკვანძო პროფესიად“ (key workers) და მხარი დაუჭირონ მეზღვაურების დროულ, უსაფრთხო, ღირსეულ როტაციასა და სამშობლოში დაბრუნებას.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში მეზღვაურების როტაციასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისის დაძლევა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პანდემიის დამარცხებაში.

მხარდამჭერმა ქვეყნებმა გამოხატეს თავიანთი მადლიერება და პატივისცემა მეზღვაურების მიმართ მსოფლიო მასშტაბით და გამოთქვეს მზაობა ერთობლივად გადალახონ ის დაბრკოლებები, რომლებიც მათ შეექმენათ COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო.

დეკლარაციის მხარი დაუჭირეს:

ამერიკის შეერთებული შტატები
გერმანია
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო
დანია
საფრანგეთი
საქართველო 
საბერძნეთი
ნიდერლანდები
ნორვეგია
არაბთა გაერთიანებული საემიროები
ინდონეზია
ფილიპინები
საუდის არაბეთი
სინგაპური