მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საქართველო საერთაშორისო საზღვაო ბიზნესის განვითარებისათვის საგადასახადო შეღავათებს აწესებს
08 ოქტომბერი, 2020
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგნტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით:
„დღევანდელი ძალიან დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსის ქვეშ საზღვაო ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდა: ქონების, მოგების, დივიდენდებსა და საშემოსავლო გადასახადებზე.
ამ ინიციატივაზე მუშაობის პროცესში განხილული იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა ისეთი წარმატებული საზღვაო ქვეყნების მაგალითზე, როგორიცაა: მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი და დანია. ანალიზის საფუძველზე შემუშავდა საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა უნიკალური ნაზავი ყველა იურისდიქციიდან საუკეთესო კომპონენტებს გააერთიანებს.
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა სანაოსნო ბიზნესთან, გემის ფლობასა და მართვასთან დაკავშირებული ნებადართული საქმიანობები: სანაოსნო ბიზნესთან და გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები, ახალი გემების მშენებლობის შეკვეთების ორგანიზება ან/და მეორადი გემების ყიდვა–გაყიდვის მომსახურება.
საგადასახადო შეღავათების მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად საზღვაო დარგში მინიმალური დანახარჯებით სრულიად ახალი ბიზნეს მიმართულების შექმნაა. დღეს საზღვაო ბიზნესთან შეუსაბამო კანონმდებლობის გამო საქართველოში არ არიან წარმოდგენილი საერთაშორისო სანაოსნო კომპანიები, გემთმფლობელები შესაბამისად, სანაოსნო დარგი დღეისათვის ჩვენი ეკონომიკისათვის ფაქტიურად ნულოვანი შემოსავლის მომტანია.
საზღვაო დარგისთვის შეღავათების დაწესება კონკურენტუნარიან გარემოში ჩააყენებს საქართველოს რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით“.
ახალი საგადასახადო შეღავათები ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს მინიმალური დანახარჯარებით საზღვაო ინდუსტრიის სრულიად ახალი მიმართულება შექმნას და ძირითადი და დამხმარე საზღვაო სერვისები განავითაროს.
„საერთაშორისო სტატუსის“ მქონე ქართული და უცხოური კომპანიები ისარგებლებენ შეღავათებით ქონების, მოგების, დივიდენდებსა და საშემოსავლო გადასახადებზე:
▪ მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-მდე შემცირდება;
▪ თუ ქონება გამიზნულია, ან გამოიყენება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობისთვის, საერთაშორისო კომპანია თავისუფლდება ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისგან;
▪ თავისუფლდებიან დივიდენდისა და
▪ საშემოსავლო გადასახადებისგან.
 ნებადართული საქმიანობის სახეებია საერთაშორისო სანაოსნო ბიზნესთან, გემის ფლობასა და მართვასთან დაკავშირებული საქმიანობები: პერსონალით უზრუნველყოფა; გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები, მათ შორის: გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ; რეისის დაგეგმვა ან/და ანალიზი და სხვ. ახალი გემების მშენებლობის შეკვეთების ორგანიზება ან/და მეორადი გემების ყიდვა–გაყიდვის მომსახურება და სხვ.
 „საერთაშორისო კომპანიას“ უფლება აქვს, საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ კომპანიებს მოემსახუროს, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის საქართველოდან მომსახურების ექსპორტს საზღვარგარეთ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღეისათვის არ არის რეგისტრირებული გემთმფლობელი, რომელიც ფლობს მსხვილტონაჟიან საერთაშორისო რეისების განმახორციელებელ გემს, საქართველოსთვის საზღვაო დარგი, ფაქტობრივად, ნულოვანი შემოსავლის მომტანია. მეტიც, იმის გამო, რომ ქართული დროშის ქვეშ გემების საკმარისი რაოდენობა არ დაცურავს, ქართული დროშა ვერ ხვდება გემების ინსპექტირების შედეგებით „თეთრ სიაში“, რომელიც დროშის ადმინისტრაციის უმაღლეს შეფასებად ითვლება. საგადასახადო კოდექსით საზღვაო დარგისთვის შეღავათის მინიჭება სწორედ წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დარგის გამოცოცხლებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით იქნა მიღებული.
 საზღვაო დარგისთვის შეღავათების დაწესება პირველ რიგში, კონკურენტუნარიან გარემოში ჩააყენებს საქართველოს რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, რომლებიც ამ მიმართულების საქმიანობებზე თანამედროვე საგადასახადო სისტემას არ იცნობს. საქართველოს იურისდიქციაში შესაძლებელი გახდება საერთაშორისო სანაოსნო კომპანიების მოზიდვა „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსით. გაიზრდება ქართული დროში ქვეშ მცურავი გემების რაოდენობაც, რომელიც საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვებს ახორციელებლს. ეს გარდა ეკონომიკური სარგებლისა გაზრდის ქართული დროშის იმიჯს საერთაშორისო მასშტაბით.
 წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველ საგადასახადო გარემოს და კომფორტულ პლატფორმას ქმნის ქვეყანაში სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიების საქმიანობის განსახორციელებლად.