მთავარი > სიახლეები
სიახლეები
18 მაისი „ქალებისთვის საერთაშორისო საზღვაო დღე“-დ გამოცხადდა
14 დეკემბერი, 2021
ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) საქართველოს დელეგაციამ, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც 18 მაისს დაწესდა „ქალებისთვის საერთაშორისო საზღვაო დღე“ (“INTERNATIONAL DAY FOR WOMEN IN MARITIME”).
 - „როგორც IMO-ს გენდერული თანასწორობის ქსელის დამფუძნებელი წევრი, საქართველოს დელეგაცია მოხარულია მხარი დაუჭიროს რეზოლუციის პროექტს „საზღვაო ქალთა საერთაშორისო დღის“ დაწესების შესახებ.
პროექტი წარმოადგენს ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან შედეგს და წინა ასამბლეის რეზოლუციის: „2019 წლის მსოფლიო საზღვაო დღის მემკვიდრეობის შენარჩუნება და გემებში ქალებისთვის ბარიერების გარეშე სამუშაო გარემოს მიღწევა“ ბუნებრივ გაგრძელებას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს გენერალური მდივნის უაღრესად ღირებული მხარდაჭერა საზღვაო სფეროში ქალების როლის გასაძლიერებლად.
ჩვენ ვამაყობთ, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და მის წევრ ქვეყნებს თავისი წვლილი შეაქვს ამ რთულ პროცესში და ჩვენც, როგორც IMO-ს აქტიური წევრი, ამაყად გავაგრძელებთ საზღვაო ინდუსტრიაში ქალების ჩართულობის მხარდაჭერას როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე“, - განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.