მთავარი > სიახლეები
სიახლეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი საზღვაო სფეროსა და მასთან მომიჯნავე დარგების კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
29 აპრილი, 2022
27 აპრილს, თბილისში, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი საზღვაო სფეროსა და მასთან მომიჯნავე დარგების კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის მიზანს, სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის მხარდაჭერის გამოხატვასთან ერთად, დარგში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის სტიმულირება, ასევე საჭირო სამთავრობო უწყებებთან კოორდინაცია და შუამდგომლობა წარმოადგენდა.
 “დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანია დარგში არსებული გამოწვევების, ახალი ინიციატივებისა და პრობლემური საკითხების ერთად განხილვა და მათი ეფექტიანად გადაჭრის სტიმულირება. სახელმწიფო მხარს უჭერს კერძო სექტორს და ეხმარება არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, რაც მოიცავს საჯარო და კერძო სექტორების კომუნიკაციას, კოორდინაციასა და მჭიდრო თანამშრომლობას.
აქვე აღვნიშნავ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საბაჟო დეპარამენტი სინქრონულად ვმუშაობთ, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში არსებული ტვირთების სწორად მართვას,” - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
 შეხვედრას ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა სეფაშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოდგილე ვლადიმერ ხუნდაძე და ამავე სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.