მთავარი > სიახლეები
სიახლეები
ივანე აბაშიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო საზღვაო და სანავსადგურე სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა.
14 აპრილი, 2022
საბჭოს ახლად დანიშნული ხელმძღვანელი არიფ მამადოვი პირველი საერთაშორისო ვიზიტით ეწვია საქართველოს. ვიზიტის მიზანია, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის გაცნობა.
აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით, მათ შორის: ნავსადგურების გაციფროვნების სისტემის დანერგვის, სანავსადგურე რეგულაციებისა და საზღვაო განათლების განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინოვაციური პროექტებით.
ივანე აბაშიძემ აზერბაიჯანულ მხარეს ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და სამომავლო განვითარების გეგმები გააცნო და ხაზი გაუსვა საზღვაო სფეროში ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს.
აზერბაიჯანული დელეგაცია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასაც ეწვია, სადაც სტუმრებმა დაათვალიერეს სამანქანე განყოფილების ახალი ლაბორატორიები, საწვრთნელი აუზი და განახლებული მეზღვაურთა ტრენინგ-ცენტრი.
აკადემიის რექტორთან, მურთაზ დევაძესთან შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა, არიფ მამადოვმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ერთობლივი საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ჩამოყალიბებას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აზერბაიჯანის საზღვაო აკადემიას შორის.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ფოთის საზღვაო ნავსადგურის და ასევე ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის დათვალიერებაც.